ნაკრძალში დღემდე შემორჩენილია შემდეგი ისტორიული ძეგლები:
- V საუკუნის ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი;
- V საუკუნის წმინდა ელიას მთის ნამონასტრალი;
- XII საუკუნის ოზაანის ამაღლების ტაძარი
- IXX საუკუნის საროველის სახელობის ტაძარი;
- ჩვ. წ. თ. აღრიცხვამდე XV საუკუნის ნაქალაქარი კამბისენა.
ხორნაბუჯის ციხესიმაგრის ნაშთები, რომელსაც დღეს „თამარის ციხეს“ უწოდებენ, გომბორის ქედის განშტოების ბოლოს, კლდის მასივზე, ქ. დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 2-3 კილომეტრზე მდებარეობს. ეს ციხესიმაგრე ერთდროულად კონტროლს უწევდა ივრისა და ალაზნის ველებს.
ხორნაბუჯის სამხრეთ დასავლეთით, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრზე, გამოვლინდა ძვ. წ.-ის I ათასწლეულის დასასრულს დიდი ქალაქის ნაშთები. ამგვარად, ძვ. წ. I ათასწლეულის დასასრულს ხორნაბუჯის მიდამოებში დიდი ქალაქური დასახლების არსებობა, აქ ქალაქური დასახლების ძველ ტრადიციებზე მიგვითითებს.
მე-5 საუკუნის მეორე ნახევრისათვის იგი უკვე მაღალგანვითარებული ქალაქია უჯარმასა და ჭერემთან ერთად. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გვამცნობს, ვახტანგ გორგასალმა „დასუა ერთი ეპისკოპოსად . . . ხორნაბუჯს“ და თავის შვილს „დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი.“
ამგვარად, ადრე შუა საუკუნეებში ხორნაბუჯის ციხე-ქალაქის დაარსების წინ საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს. ციხე-ქალაქი განსაკუთრებულად მე-12 საუკუნეში თამარის მეფობისას განვითარდა. ამიტომაც უწოდებენ „ხორნაბუჯს“ სხვანაირად თამარის ციხეს. ძეგლის ჯერ კიდევ შემორჩენილი ნაშთები თავისი მდებარეობით იმდენად შთამბეჭდავია, რომ აქ მოხვედრილ ადამიანზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ალბათ, სწორედ ამიტომ გამოიყენა იგი ცნობილმა მხატვარმა ზიჩმა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებისას იგი მიუვალი და აუღებელი ქაჯეთის ციხის პროტოტიპად.
თვალშეუწვდომ კლდის ქიმებზე წამომართულ ციხის ქონგურებს რომ აჰყურებ, თავს თითქოს წინაპართა ბუმბერაზი აჩრდილები დაგტრიალებენ. თითქმის ცხადლივ ჩაგესმის ათსწლეულების მიღმა ამ კლდეებში დარხეული საბრძოლო ყიჟინის ხმები.
წმ. ელიას მთა
„თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომელსაც ელიას მთა ეწოდება. მას ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გადმოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან ადგილობრივი მაცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისათვის ყვავს საჭმელი მოჰქონდა და, რომ მან თავისი წამოსასხამი მოწაფეს — ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა…“ ალექსანდრე დიუმა 1895 წ.,,დათვის ხევი"
მარშრუტი იწყება ვაშლოვანის ნაკრძალში ჩამავალი პანტიშარის ხევის ერთ-ერთ განშტოება — დათვისხევთან, რომელიც ქალაქ დედოფლისწყაროდან 60 კილომეტრში მდებარეობს. ეს ტერიტორია უხსოვარ დროში ზღვის ფსკერი ყოფილა. ამის დასტურია ქვიშაქვიანი ალესილები, რომლებიც დედამიწის განვითარების ისტორიას უამბობენ მნახველებს. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს გაშიშვლებულ ქანებზე, დალექილ ფენებში ზღვის მოლუსკების უნაკლოდ შემონახულ ქიტინებს. დათვის ხევში მოგზაურს შეუძლია ნახოს სამხრეთული სპილოს გაქვავებული ბეჭის ძვლის ნაშთი, რომელიც ნახევარი მილიონი წლის წინანდელი გიგანტი ძუძუმწოვრის ზომებზე მეტყველებს. აქვე შეიძლება შეხვდეთ დათვის, მგლის, გარეული ღორის, ლელიანის კატისა და ფოცხვერის ნაკვალევს. ქვეწარმავლებით დაინტერესებულ სტუმრებს ზაფხულში ხეობაში შეუძლიათ იხილონ: კავკასიური ჯოჯო, ხმელთაშუა ზღვის კუ, მარდი ფსვენი, ხვლიკი და თუ ბედმა გაგიღიმათ შეიძლება გველის რომელიმე სახეობის ნახვაც მოახერხოთ. პანტიშარის ხევისა და დათვის ხევის შეერთების ადგილზე მოწყობილია ავტოსადგომი და საპიკნიკე ადგილი.მარშრუტის ხანგრძლივობაა დღენახევრი. საველე საკვებით და ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე თავად მთამსვლელი ზრუნავს. საფეხმავლო მარშრუტის სიგრძე 3 კმ-ია. შესასვლელ გადასახადს მნახველი იხდის ქალაქ დედოფლისწყაროში ნაკრძალისა და ეროვნული პარკის ოფისში, გამგეობის შენობის პირველ სართულზე.
შესასვლელი გადასახადი 1 ტურისტზე — 10 ლარი, 7 წლამდე უფასოა, 16 წლამდე — 5 ლარი. ღამისთევის გადასახადი ოჯახურ სასტუმროში — 30 ლარი.
სასურველია უხეში ქსოვილის საველე შარვლის ჩაცმა და მაღალყელიანი ფეხსაცმლის ტარება.
აკრძალულია:
- ნებისმიერი ცხოველის (შინაურის ან გარეულის) თანხლებით მარშრუტზე გასვლა.
- ცეცხლსასროლი ან ნებისმიერი ტიპის იარაღის თანხლება.
- მცენარეების ან მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან ნამარხი მასალის აღება.
- ფაუნის ნებისმიერი წარმომადგენლის დაჭერა, გამოდევნება, ან რაიმე ზიანის მიყენება.
- ხეებზე ასვლა, კლდეებზე აძრომა ან გამოქვაბულში შესვლა. მდინარის პირზე, კლდის ქიმზე ან ხევისპირზე 0,5 მ მანძილზე ახლოს დგომა.
- შეზღუდული თვალთახედვის პირობებში (ნისლი, ბუჩქნარი, მაღალი ბალახები) სწრაფი გადაადგილება. ყვირილი, ხმაური.