ფლორა
ვაშლოვანში არსებული ბუნებრივი პირობების სპეციფიკური ხასიათი განაპირობებს ორიგინალური ფლორის არსებობას. ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეული ტიპების ესოდენ სწრაფი ცვლა საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ შეინიშნება. მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, ამ მცირე სიმაღლის სხვაობის (ჰიფსომეტრიული ამპლიტუდის)
მქონე რეგიონში, ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოკვეთილი ხუთი მცენარეული ტიპი: უდაბნო, ნახევარუდაბნო, არიდული (ლათ. aridus — მშრალი) მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე. გარდა ამისა გამოიკვეთა ოთხი ინტრაზონური ტიპი: კლდეთა ქსეროფიტები, ჭალის, ანუ მდინარისპირა ტყეები, მთისწინების ძეძვიანი და კირქვიანის მცენარეულობა.
ნახევარუდაბნოს მცენარეულობაში გამოიყოფა ავშნიან-უროიანი და ავშნიან-ჩარანიანი ფორმაციები. ბუჩქბალახები: ავშანი (Artemisia fragrans), ჩარანი (Salsola ericoides), უფრო მცირე რაოდენობით ყარღანი (Salsola dendroides), იშვიათად წითელწვერა (Kochia prostrata).
ღვიიანი ფორმაციის შემქმნელი სახეობებია ხემაგვარა ღვიები: შავი ღვია (Iuniperus foetidissima) და მრავალნაყოფა ღვია ((I. polycarpos).
ღვიიან-საკმლისხიანების ფარგლებში მცირე ფრაგმენტებად წარმოდგენილია ბროწეულის (Punica granatum), კოწახურის (Barberis iberica), მაყვლის(Rubus sanguineus), მაწაკის (Imperata cilindrica), ქენდირის (Apocynum sibiricum), ერიანტუსისა (Erianthus purpurascens) და სხვ. დაჯგუფებანი. დათვის ხევში, რიყის გასწვრივ მცირე მონაკვეთზე მესამეული პერიოდის რელიქტის — თურანულას (Populus euphratica) ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში.
ღვიიან-საკმლისხიანებში საკმაოდ ბევრია საქართველოსთვის ენდემური სახეობა. ესენია: Torularia eldarica, Galatella eldarica, ასევე იშვიათი სახეობები: Astragalus phseudoutriger, A. sphaerocephalus, Edisarum ibericum, Leptorhabdos virgata, Caccinia Rauwolfii, Tulipa Eichleri და სხვ.
ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობებია: ხემცენარეებიდან — საკმლის ხე(Pistacia mutica), ხემაგვარი ღვიები (Iuniperus foetidissima, I. polycarpus, I. rufescens); მათ მშრალი ხევების გასწვრივ ემატება — კავკასიური აკაკი(Celtis caucasica), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum), თელა (Ulmus foliacea); ბუჩქებიდან — ძეძვი (Paliurus spina-christi), შავჯაგა (Rhamnus Pallasii), მენახირის ბალი (Cerasus microcarpa, incana), ჟასმინი(Iasminum fruticans), თრიმლი (Cotinus coggygria), ქართული ცხრატყავა (Lonicera iberica); მშრალი ხევების გასწვრივ — ქართული კოწახური (Berberis iberica), ბროწეული (Punica granatum) და სხვა.
ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ყარღანი, შოროქანიდა ნაცარქათამასებრთა ოჯახის ერთწლოვანი სარეველა მცენარეები. გამოსარჩევია ჰალოფიტი ბუჩქ-ბალახი Kalidium caspicum, რომელიც ძალიან იშვიათია საქართველოსათვის. ხეობის მარჯვენა მხარეზე, თაბაშირის შემცველ თიხიან ფერდობზე, დეკორატიული ბუჩქის — Eversmania subspinosa-ს ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში. მასთან ერთად მრავლადაა დეკორატიული ეიხლერის ტიტა (Tulipa Eichleri) და ეფემეროიდი ტუბერ-გორგლიანი (Bongardia chrisogonum). ყაშებ-შავი მთის ფარგლებში ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობაა ქართული მუხა (Quercus iberica).
რელიეფის ხასიათის მიხედვით მუხნარი ფორმაცია სხვადასხვა ვარიანტებითა და ასოციაციათა კომპლექსებით წარმოგვიდგება. შედარებით შემაღლებულ უბნებზე ქართული მუხა მცირდება, რცხილას (Carpinus caucasicaა) უთმობს ადგილს და რცხილნარის ფორმაცია ყალიბდება მერქნიანთა შედარებით მეზოფილური სახეობებით. მდინარე ალაზნის პირა ჭალის ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობებია: ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora), ვერხვები (Populus canescens, P. nigra), იფანი (Fraxinus excelsior); ერთეულებად შემორჩენილია კაკალი (Iuglans regia) და სხვ. მეორე იარუსს ქმნიან: თელა (Ulmus foliace), ტყემალი (Prunus divaricata), კუნელი (Crataegus monogina), ზღმარტლი (Mespilus germanica), შინდანწლა(Svida australis), ტირიფი (Salix alba), კვიდო (Ligustrum vulgaris), თუთა (Morus nigra, M. alba), შვინდი (Cornus mas) და სხვ. მდიდარია ლიანების შემადგენლობაც: სურო (Hedera pastuchovii), კრიკია(Vitis sylvestris), კატაბარდა (Clematis vitalba), ღიჭი (Smilax excelsa), ღვედკეცი (Periploca graeca), სვია (Humulus lupulus) და სხვ. ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ისლი, შალამანილი(Salvia glutinosa), ქრისტესბეჭედა (Sanicula europaea), იები(Viola alba, V. odorata), ბერსელა (Brachypodium silvaticum) და სხვ. ბევრია სარეველა სახეობები.
No comments:
Post a Comment