Monday, June 11, 2012

ფაუნა


             ნაკრძალი სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ამ ფარდობითად მცირე ტერიტორიაზე გავრცელებულია 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი, 30 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია, 16 სახეობის თევზი, უამრავი სახეობის მწერი და უმარტივესი (ამ უკანასკნელთა სრული სახეობრივი შემადგენლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია).
 
        ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფაუნა — ყურადღებას იპყრობს როგორც სახეობათა მრავალგვარობით, ასევე მათი მნიშვნელობითაც. ამ ტერიტორიებზე ბინადრობს: დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx), მგელი (Canis lupus), გარეული ღორი (Sus scrofa), წავი — (Lutra lutra), სვავი(Aegypius monachus), ორბი (Gyps fulvus), ბექობის არწივი (Aqila heliaca), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), კაკაბი (Alectoris chukar), ბატკანძერი — (Gipaetus barbatus), გველიჭამია არწივი ანუ ძერაბოტი (Circaetus gallicus), ველის არწივი (Aquila nipalensis), შაკი (Pandion haliaetus), შავარდენი(Falco peregrinus), ხოხობი (Phazianus colchicus), გნოლი (Perdix perdix), დურაჯი (Francolinus francolinus), წითელთავა ღაჟო (Lanius senator), ყვითელთავა ნარჩიტა (Regulus ignicapuls), ტუგაის ბულბული (Cercotrichas galactotes) და სხვები.

       2003 წლის შემოდგომაზე დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ნაკრძალში სახეობათა კონსერვაციის შენარჩუნების ცენტრის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს წინააზიური ლეოპარდის ნაკვალევი. შემდგომში მოხერხდა ამ ცხოველის 9 ფოტოს გადაღება ფოტოხაფანგების საშუალებით.
        ოთხმოციანი წლების ბოლომდე შეინიშნებოდა გადაშენების პირას მისული ჩლიქოსანი ცხოველი — ქურციკი (Gazela subgutturossa). ცალკეული ინდივიდების სახით დღესაც გვხვდება გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena), აქვე გვხვდება სტეპისათვის დამახასიათებელი დღეისათვის იშვიათი ფრინველთა სახეობების, სავათისა (Otis tarda) და სარსარაკის (Tetrax tetrax) მცირერიცხოვანი გუნდები. ისინი შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში. ნანახია შავი ყარყატის (Ciconia nigra) ბუდე.
ქვეწარმავალთაგან აღსანიშნავია ხმელთაშუაზღვის კუ — (Testudo graeca), დასავლური მახრჩობელა (Eryx jacululs), აზიური თვალტიტველა ხვლიკი(Ablepharus pannonicus), გრძელფეხება სცინკი(Eumeces shneideri), გიურზა (Vipera lebetina), ოთხზოლიანი მცურავი (Elaphe guatuorliniata) და სხვები.
        მდინარეებში გავრცელებულია ლოქო (Silurus glanis), ფარგა (Lucioperca lucioperca), ამიერკავკასიური ბლიკა (Blicca bjoerkna), კობრი(გოჭა) (Cyprinus carpio), შამაია (Chalacalburnus chalcoides), მდინარის ღორჯო(Gobius cephalarges), წვერა (Barbus lacerta), კავკასიური ქაშაპი (Leuciscus cephalus) და სხვა.
       ზოგიერთი სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი.

No comments:

Post a Comment