Monday, June 11, 2012

ბუნების ძეგლები

            ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის, აგრეთვე, სამი ბუნების ძეგლი. ისინი ფარდობითად მცირე ზომის ტერიტორიებზეა განლაგებული.

ჯუმას ყურე

 
          ჯუმას ყურე წარმოადგენს ალაზნის მეანდრას. მისი ყელის სიგანე 30-40 მეტრს არ აღემატება, ხოლო ფართობი 204 ჰა-ზე მეტია. სადღეისოდ სრულყოფილად, მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყე, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ერთადერთი ბუნებრივი ადგილსამყოფელი.


არწივის ხეობა

 
        დაბა დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში კირქვიან მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის — კახეთის მაჩიტას (Campanula kachetica) და იშვიათი სახეობის ბალახოვნების (Globularia trichoscuntha და Galium pedemantanum) ერთადერთი ადგილსამყოფელია. აქვე, მის დასავლეთით 1,5 კმ მოშორებით, მუხნარ-რცხილნარ ტყეში, ვეებერთელა კირქვის მასივებზე გვხვდება იშვიათი წიწვიანი ბუჩქი ტუია (Biota orientalis), რომელიც საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ არის გავრცელებული. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც — შავი ყარყატი და ორბი. (სურათებისთვის იხილეთ ბმული.)

 

 

 

 

 

 

 

ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი

 
       ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი მდებარეობს დალის წყალსაცავის სამხრეთით, 620 მ ზღვის დონიდან, რომელიც სერის თხემზე აღმართულ რამდენიმე მეტრი სიმაღლის ბორცვს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო განლაგებული მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული. (სურათებისთვის იხილეთ ბმული.)
  

No comments:

Post a Comment